დეკანოზი გიორგი მამალაძე ორშაბათს დაიკითხება ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. მისი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მას მოუწევს ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა. როგორც წიკლაურმა განაცხადა, ბრალდებული გიორგი მამალაძე დაკავების შემდეგ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და ის უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე. პროკურორის მტკიცებით, დაკავების შემდეგ, დეკანოზს ხუთჯერ შესთავაზე ჩვენების მიცემა, თუმცა ყველა ჯერზე უარი მიიღეს.

„გარდა ამისა, მივმართეთ, რომ ექსპერტიზისთვის მოეცა ნიმუშები. 14 თებერვალს შევთავაზეთ, ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და დეენემის ნიმუშები, რაზეც კვლავ უარი მივიღეთ. ამის შემდეგ, განჩინების საფუძველზე, კვლავ შევთავაზეთ, თუმცა ამ ჯერზეც, მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა მიზეზად და კვლავ უარი განაცხადა, გაეცა ნიმუშები. რეალურად, ჩვენ ექიმის თანხმობა გვქონდა, რომ მას თავისუფლად შეეძლო, მონაწილეობა მიეღო საპროცესო მოქმედებაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადვოკატებისა და ბრალდებულის განცხადებები, რომ ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, ეს არის მათი მხრიდან სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ 24 თებერვალს კვლავ მივმართეთ ბრალდებულს ნიმუშების ასაღებად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მისი ვალდებულება, რაც შეეხება მის დაკითხავს, იგი ორშაბათს დაიკითხება. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მას მოუწევს ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა” – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თუმცა როგორც მამალაძის ადვოკატმა განაცხადა, ბრალის დადგენილებაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...