Home საზოგადოება "სასამართლოში რაც ვნახე, ჩემი თვალებიდან არ წაიშლება"

"სასამართლოში რაც ვნახე, ჩემი თვალებიდან არ წაიშლება"

SHARE

[google-translator]

ცოტა ხნის წინ უამრავი ადამიანი დაირაზმა კიკეთში დაჭრილი ნიკოლოზ ნატროშვილის სიცოცხლის გადასარჩენად:  ქართველმა მუსიკოსებმა სპორტის სასახლეში გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტიც გამართეს კლივლენდის კლინიკაში ნიკუშას გასაგზავნი თანხის შესაგროვებლად, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ნიკუშა ისევ საქართველოში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „ფოსტალიონი” ნიკუშას დედას, ქ-ნ რუსუდან ბოჭორიშვილს დაუკავშირდა და შვილის ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ჰკითხა.

რუსუდან ბოჭორიშვილი: _ მდგომარეობა კვლავ იგივე რჩება. მთავარია, სანამ წავალთ არ გაუარესდეს. ყველაფერთან ერთად დედაჩემს დაემართა ინსულტი და რეანიმაციაში წევს. ამას სასამართლო პროცესი დაერთო, სადაც მოწმედ ვიყავი დაბარებული და პირისპირ ვნახე ადამიანები, ვის გამოც ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაშია.

_ უცხოეთში მკურნალობისთვის საჭირო თანხა თუ შეგროვდა? როდის იგეგმება ნიკუშას სამკურნალოდ წაყვანა საზღვარგარეთ?

_ დიდი ნაწილი შეგროვდა და თითქმის ბოლოში გავედით. 30 000 დოლარი დარჩა, რასაც ჯერ-ჯერობით ვერ ვშოულობთ და ამის გამო ვართ აქ.

_ გავრცელდა ხმები, რომ ერთ-ერთმა შეძლებულმა ადამიანმა მთლიანად დაგაფინანსათ და ეს სიმართლე არ არის?

_ მეც მომივიდა ეგ ხმები, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. მე მართლაც დამეხმარა რამდენიმე ბიზნესმენი, მაგრამ ამ თანხამ, ჯამში 35 000 დოლარი შეადგინა. 250 000 მინიმუმია, რომლითაც ჩვენ ნიკა უნდა შევიყვანოთ საავადმყოფოში. სპორტის სასახლეში ჩატარებულ კონცერტზე უპრეცენდენტო აქტივობა იყო. არ ველოდით ამდენ ხალხს, 38 000 ლარი შემოვიდა, მაგრამ დავიბეგრეთ და 5 000 ჩამოგვეჭრა.

-იქნებ საქართველოში მოქმედმა რომელიმე ფონდმა აიღოს თავზე დარჩენილი თანხის დაფინანსება და არ მიგიმართავთ ფონდებისთვის?

_ ფონდებს აქვთ მკაცრად გაწერილი დებულება. მაგალითად, „სოლიდარობის ფონდს”, ძალიან უნდოდათ დაგვხმარებოდნენ, მაგრამ ვერ გვეხმარებიან. მათ მხოლოდ 20 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის შეუძლიათ თანხის გამოყოფა, თუმცა მარიამ ჯაში სხვა მხრივ გვიწევს დახმარებას. პაატა ბურჭულაძის ფონდი მხოლოდ მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება. ფონდი „ქართუს” პრიორიტეტი კულტურაა, თუმცა განცხადება მაინც შევიტანე. პასუხი ჯერ არ მიმიღია და იმედი მაქვს, შემეხმიანებიან. მერიამ დიდი დახმარება გაგვიწია, ჯანდაცვის სამინისტრომაც. მათ უკვე გადარიცხეს თანხები კლივლენდის კლინიკაში. დიდ მადლობას ვუხდი მათ.

_ სასამართლოს ამბების შესახებაც გვითხარით. იქ რა მოხდა?

_ მე დამკითხეს მოწმის სტატუსით. ის, რაც იქ ვნახე, ჩემი თვალებიდან არ წაიშლება. ამ ორ ცივსისხლიან მკვლელს არანაირი სინდისის ქენჯნა არ აქვთ და მოვიდნენ მხიარული სახეებით. კიდევ უფრო დიდი შოკი მივიღე მათი მშობლების და ახლობლების კომენტარებზე და გამომეტყველებაზე. ისინი ზუსტად ისევე, როგორც თავად მკვლელები, ვერ აცნობიერებენ რამხელა დანაშაული აქვთ ჩადენილი მათი ოჯახის წევრებს. პაპუნა გოშაძემ ჩემს დანახვაზე ისტერიკა მოაწყო, უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა. ამბობდა, ამას ვინ ჰკითხავს, ეს რა მოწმეაო? არ მოეწონა ჩემი არგუმენტები იმის შესახებ, რომ ორგანიზატორი იყო აფციაური. არადა ყველაფერი ამაზე მიუთითებდა. მათთვის მთავარი იყო, რომ საქმეს ჯგუფური დანაშაულის კლასიფიკაცია არ მისცემოდა.

_ ვის რამდენი წელი მიუსაჯეს?

_ გოშაძეს 13 წელი, აფციაურს კი, მხოლოდ 2, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. ვთვლი, რომ ეს იყო გარიგება ამ ორს შორის „ჯგუფურის” თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, აფციაურის ოჯახი ალბათ თავის თავზე აიღებს გოშაძის შენახვას ციხეში და შემდგომ, მის შეწყალებას, ან სხვა მეთოდით გათავისუფლებას. ჩემთვის ცნობილია, რომ ამ საქმეში რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი იყო ჩარეული, რომელთაგან ერთ-ერთი რეკავდა ტელევიზიებში, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით სიუჟეტები  არ გასულიყო. საბედნიეროდ ტელევიზიებიდან მან უარი მიიღო.

_ ვინ არის ეს პიროვნება?

_ ამ ეტაპზე დამნაშავეების ხელშემწყობების გვარებს არ დავასახელებ. ოდესმე, როცა თანამდებობაზე აღარ იქნებიან, ალბათ შევხვდებით სადმე ერთმანეთს და იმედია, შერცხვებათ საკუთარი საქციელის. არა უშავს, აქ შეიძლება, ვიღაცეები მოატყუონ, მაგრამ უფლის სამართალს ვერ გაექცევიან. ყველა სიკეთესთან ერთად იმასაც კადრულობენ, რომ ნიკას ტალახს ესვრიან. ავრცელებენ ამ ამბის მოგონილ ვერსიებს. თან თურმე ნიკა „კრაკადილშჩიკი ” იყო და ა.შ. ძალიან მაინტერესებს, 23 ოპერაციას, 2 „დევეეს” სინდრომს , 3 სეპტიურ შოკს და 11 თვე სიკვდილთან ჭიდილს რომელი  „კრაკადილშჩიკი“ გაუძლებდა?!

_ თავად ნიკუშა როგორ განწყობაზეა, დალაპარაკებას ახერხებს?

_ მხოლოდ ჩურჩულით ლაპარაკობს. მე ტუჩების მოძრაობით ვხვდები რისი თქმაც უნდა. 27 აპრილს 25 წლის გახდა. უამრავი ადამიანი მოვიდა და მოულოცა, მაგრამ ისეთი დაღლილია, არაფრის თავი აღარ აქვს. 11 თვეა ზურგზე წევს. აბა დაწვეს ვინმე ზურგზე 11 დღე და მე-12 დღეს რა ხასიათზე იქნება ჰკითხეთ.

11000192_1132812973412065_1364892869168073209_n

_ საავადმყოფოში თანხების გამო პრობლემა ხომ არ გაქვთ?

_ ნიკას მიანიჭეს პირველი ჯგუფის ინვალიდობა და საავადმყოფოში წოლა არანაირი თანხა არ გვიჯდება, მაგრამ ყოველდღიურად მაინც ზღვა ხარჯი გვაქვს. მედიკამენტები და სხვა საჭირო ნივთები ჩვენ შეგვაქვს.

_ მოდით კიდევ ერთხელ გვითხარით ნიკუშას ანგარიშის ნომრები, იქნებ კეთილი ადამიანები კიდევ გამოჩნდნენ. იქნებ დარჩენილი თანხა, 30 000-ც გამოჩნდეს და წაიყვანოთ სამკურნალოდ შვილი. ის ტელეფონის ნომრები, რომელიც გამოქვეყნდა ისევ მოქმედია?

_ ალბათ მოქმედია, მაგრამ იქ ჩარიცხული თანხის დიდი ნაწილი იბეგრება და ჩვენამდე ძალიან ცოტა აღწევს.  „ფეიბოქსში” ჩარიცხული კი ერთი ლარიც რომ იყოს,  ბოლომდე აღწევს ჩვენამდე.

ნიკოლოზ ნატროშვილის დახმარების მსურველებისთვის:

საბანკო ანგარიშები. 

GE65PC0483600400001007 GEL ProCredit Bank  მიმღები რუსუდან ბოჭორიშვილი

Swift MIBGGE22

საქველმოქმედო საიტი, სადაც შეგიძლიათ, თნხის ჩარიცხვა ბარათიდან: www.gofundme.com/iwcd0g

Загрузка...