Home ხელოვნება და კულტურა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ხეებზე, შენობებზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში დაწერილი ლექსებით შეიქმნა

„ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ხეებზე, შენობებზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში დაწერილი ლექსებით შეიქმნა

SHARE

 „1989 წლის 9 აპრილის შემდეგ თითოეული ქართველი თითქოს თავს მოვალედ თვლიდა რაღაც წვლილი შეეტანა გმირების სახელების უკვდავყოფაში. გაჩნდა ლექსები ხეებზე, შენობებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში… ყველგან… შეეძლო თუ არა, ყველა წერდა, თხზავდა, აქვეყნებდა… მაშინ გადავწყვიტე ამ ლექსების საუკეთესო ლიტერატურული ვარიანტები შემეკრიბა და ერთ წიგნად გამოგვეცა გამომცემლობა ,,მერანის“ დახმარებით. კრებულს დავარქვი ,,ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ და ეს მაშინ ძალიან აქტუალური ფრაზა იყო და ცნობილი ლექსისა და სიმღერის სათაურიდან მომდინარეობდა, რომელიც ასევე შევიდა ამ კრებულში. ლექსები ამოვკრიბე მაშინდელი ჟურნალ-გაზეთებიდან. არის ცნობილი პოეტების ლექსები _ გივი ალხაზიშვილის, ეკა ბაქრაძის, ხუტა ბერულავას, მაყვალა გონაშვილის, ანა კალანდაძის, ნაზი კილასონისა, ჯულიეტა მილდიანის, შოთა ნიშნიანიძის, ვაჟა ოთარაშვილის, მორის ფოცხიშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ბელა შალვაშვილის, ოთარ ჭელიძის, მზია ხეთაგურის, გოჩა ხარანაულის სხვა. ეს იყო პირველი წიგნი გამოცემული 9 აპრილის თემაზე. შემდეგ უკვე დაიწყეს სხვადასხვა ლიტერატურული, სამეცნიერო და სხვა გამოცემები“ _ ასე იხსენებს ცნობილი წიგნის გამოცემის ისტორიას „ფოსტალიონთან“ საუბარში მისი ავტორი, ჟურნალისტი, პედაგოგი, ლელა გოჩელაშვილი და თავისი წიგნიდან რამდენიმე ლექსს გვთავაზობს.

გველის წელიწადი . ვაჟა ოთარაშვილი

ო, გველის წელო, გველივით გვშხამავ,

მართლა გველივით ზიხარ უბეში…

დრო გავა… განა არ გავა? გავა,

ჩვენც გადმოგვხედავს ღმერთი ნუგეშით…

გაქრება შენი შხამი და გესლი,

გადმონთხეული ტურფა მხარეში…

გაახმე ბევრი ყლორტი და ფესვი

და მზეზე გძინავს სისხლით გალეშილს…

ო, გველის წელო, დეკემბრის ბოლოს

მე შენი თავი გამასრესინა…

მაინც მეფე ხარ, დაჭრილო ლომო,

და არც ყოფილხარ გველის ვეზირად…

რომ ფრთებს უფრორე ძლიერად შლიდეთ .( ცხრა აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ) ანა კალანდაძე

ახლოა ჟამი შუაღამისა,

ცაზე ვარსკვლავი უფლისა კრთება…

ლოცვით, გალობით, ვინც ახლა კვდება!

ახლოა ჟამი, ჟამი ცისკრისა,

იწვიმებს სისხლი , დადგება ტბებად…

კვდება სრულიად საქართველოსთვის,

მამულზე ფიქრით ვინც ახლა ხვდება!

არა გაქრობა,_ აღდგომა მკვდრეთით!

არა დალევა,_ მრავლობა შვილთა

რომ …გამოვუსხლტეთ ისევ ყორანთა

და ფრთებს უფრორე ძლიერად ვშლიდეთ!

სანთლები ლადო სულაბერიძე

ტიტები, ტიტები, მიხაკები!

სანთლები, სანთლები, სანთლები!..

სისხლის ელვაო, იკლაკნები

ქართული სულის ნათებით.

სისხლო, ამოდი, აყვავილდი,

სისხლო, დაჩეხილ ლანდების.

გაეფერება მაყვალ- შინდიც წითელი შარავანდედით.

უფალო, შვებით ეოხეო

ლანდებს მოწამლულ-მიწამლულს

აქეთ გზა კრწანის უერთდება,

იქით უერთდება წიწამურს,

საქართველოო, ფეხაკრეფით აქ მარად მივალთ და დავდგებით.

ტიტები, ტიტები, მიხაკები!

სანთლები, სანთლები, სანთლები!..

Загрузка...