ბოლო დღეებია, მოსახლეობა შეშფოთებით ადევნებს თვალს ინფორმაციას, საქართველოში, საშიში ბაქტერიული დაავადების, ჯილეხის გავრცელების შესახებ.
ჯილეხით, იგივე ციმბირის წყლულით ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვა.
ადამიანს ჯილეხი დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა.  დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, ინფექცია შესაძლებელია გართულდეს და სიკვდილით დასრულდეს.
   რამდენად შეესაბამება გავრცელებული ხმები სინამდვილეს და მართლა არის თუ არა საქართველოში მდგომარეობა საგანგაშო, ამ კითხვით “ფოსტალიონმა” ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ ჯილეხით ადამიანების გარდაცვალების ფაქტზე ინფორმაციას არ ფლობენ და გვირჩიეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის მიგვემართა. აღნიშნული უწყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ე.წ. ციმბირის წყლულით დაავადების ფაქტები დაგვიდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით რაოდენობა არ გაზრდილა.
“წელს 34 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 2 ფატალურად დასრულდა. დაავადება აღმოსავლეთ საქართველოში უფრო გავრცელებულია, მაგრამ გარდაცვალების ფაქტი აჭარაში და ფოთში დაფიქსირდა. წინა წლებშიც დაახლოებით იგივე მაჩვენებელი იყო. 2013 წლამდე კი 150 შემთხვევაც კი დაფიქსირებულა. დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ცხოველების აცრა. მოსახლეობამ ხორცი ისეთ ადგილებში უნდა შეიძინოს, სადაც შემოწმებული პროდუქტი იყიდება.” -გვითხრა პაატა იმნაძემ და აღნიშნა, რომ ყველი საშიში არ არის, რადგან ჯილეხიანი ძროხა წყვეტს წველას. “ძროხა რომ დაავადდება, აღარ იწველება, შესაბამისად, ყველი ადამიანისთვის საშიში არ არის. თუმცა ასეთ ძროხას კლავენ და ხორცს ყიდიან, ამიტომ არის აუცილებელი შემოჭმებული ხორცის ყიდვა”-გვითხრა პაატა იმნაძემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...