პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია კულტურის პალატის პრეზიდენტ დავით ოქიტაშვილს მიმართავს და მოითხოვს,  ქ-ნ მზია კვირიკაშვილზეც მოხდეს გამონაკლისის დაშვება და სიკვდილის შემდეგ ვარსკვლავის გახსნა.  წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული იქნება “ხმა ამოიღოს”.

“ერთი კითხვა მაქვს ოქიტაშვილთან და ამას საჯაროდ ვამბობ, ასევე მივმართავ პრესას, რომ გააშუქონ ეს სტატუსი.
აქამდე იძახოდი, რომ მიცვალებულზებზე ვარსკვლავი არ შეიძლება გაიხსნას, ეხლა თურმე შეიძლება – რა თქმა უნდა იმსახურებს და უხსნით. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს იმის, ვისაც უხსნით და ყველას უნდა გაუხსნათ, მაგრამ თუ შეიძლება, რომ მსგავსი გამონაკლისი დაიშვას, რატომ ქალბატონ მზია კვირიკაშვილს არ უხსნი ვარსკვლავს? ვერ გავიგე მზია არ იყო სახალხო არტისტი? არ იყო საზოგადო მოღვაწე, თუ უნიჭო იყო? ძალიან მაინტერესებს ერთი რა კრიტრიუმით უხსნი სხვებს ვარსკვლავებს და რატომ დაჩაგრე ქალბატონი მზია? ხო და მე როგორც მზიას ერთი უახლოესზე – უახლოესი მეგობარი საჯაროდ ვიწყებ დაანონსებას, წლებია გელოდები, სიტყვას არ ვიღებდი, მაგრამ რადგან შენ მაგდენს ვერ მიხვდი, ეხლა იძულებული ვარ ხმა ამოვიღო და არ მინდა არაფერი ნეტავ ვინმე გადამეღობოს წინ და რაიმე პრეტენზიები გამოთქვას!..”-წერს პარაფსიქოლოგი. 
“ფოსტალიონი”  დავით ოქიტაშვილს დაუკავშირდა  და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება სთხოვა. როგორც კულტურის პალატის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გარდაცვალების შემდეგ ვარსკვლავი მართლაც არ იხსნება. რაც შეეხება ლიკა ქავჟარაძეს, მისთვის ვარსკვლავის გახსნა ჯერ კიდევ სექტემბერში, მსახიობის სიცოცხლეში დაიგეგმა და პროექტისთვის უკვე ყველაფერი გამზადებული იყო.
“თუ ირაკლი ლომაია ლიკა ქავჟარაძეს გულისხმობს, ეს იყო გამონაკლისი, რადგან მისი ვარსკვლავის გახსნა სექტემბერში დაიგეგმა, მსახიობთან  შეთანხმებული იყო და პრაქტიკულად უკვე  ყველაფერი მზად იყო. ამიტომ ამ პროექტს ვერ შევაჩერებთ. რაც შეეხება მზია კვირიკაშვილს, ის ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და მისი ვარსკვლავის გახსნის წინააღმდეგი მე როგორ ვიქნებოდი, თუმცა მისი სახელის უკვდავყოფა სხვა ჩვენს გამოჩენილ, აწ უკვე გარდაცვლილ ღვაწლმოსილ ხელოვანებთან ერთად “დიდების ხეივანში” მოხდება. იქნება ეს ვარსკვლავი, თუ რაიმე სხვა ფორმა, წინასწარ გამოცხადდება”-გვითხრა დავით ოქიტაშვილმა.
.

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...