განათლების მინისტრი და ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობისას აცხადებს, რომ სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებისგან “მაგრად არიან ჩამორჩენილი”. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

“ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი, რაც კვლევით გამოვლინდა, არის ის, რომ თბილისის ცენტრალური უბნების საშუალო მაჩვენებელი არის თითქმის საშუალო ევროპულთან. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ცენტრში კერძოც და საჯარო სკოლებიც უზრუნველყოფენ თითქმის ევროპულ განათლებას, სოფლის სკოლები ქალაქის სკოლებისგან მაგრად არიან ჩამორჩენილი. რა თქმა უნდა იქაც არის გამონათებები, მაგრამ მაინც, ხოლო ეროვნული უმცირესობები კიდევ უფრო ჩამორჩენილი არიან სოფლის სკოლებთან შედარებით, ეს არის ცალსახად მიბმული პედაგოგებზე. სოფელში საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები არ არიან. ფიზიკოსი, ქიმიკოსი, მათემატიკოსი და ბიოლოგი ყველა სოფელში ჭირს. ეს მათ შორის იმის ბრალიც არის, რომ ამ 25 წლის განმავლობაში კამპანიური ხასიათი ჰქონდა იმას, რომ მასწავლებლების პროფესიის პრესტიჟი მოკლეს. არც ერთ ახალგაზრდას არც სოფელში და არც ქალაქში არ უნდოდა. პირველად იყო 2016 წელს, როცა ჩვენი ძალისხმევით 1000-მა სტუდენტმა ჩააბარა პედაგოგიურზე. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, რომ სოფლებშიც და ეროვნული უმცირესობების სკოლებშიც დაბრუნდებიან საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები და განათლების ხარისხიც აიწევს”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრმა  “სტრატეგია “ჩვენი სკოლა 2020”-ის წარდგენისას სოფლებში ახალი ტექნოლოგებით სკოლების მშენებლობის შესახებ გააკეთა განცხადება. ჯეჯელავას თქმით, სოფლებში 20-დან 60-მდე მოსწავლეზე გათვლილი 13 სკოლა აშენდება.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...