თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით გააკეთა, განმარტებას აკეთებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერი სარა სანდერსი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ პუტინისთვის გადახდილი მადლობა “სარკაზმი” იყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა. მან პირველად გააკეთა კომენტარი მოსკოვის მიერ რუსეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის შემცირების გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ ამით ვაშინგტონი თანხებს დაზოგავს.

ტრამპის “მადლობა”-მ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებიც გაანაწყენა. მათ თქმით, ტრამპის სიტყვები მათ დემორალიზებას ახდენს, “ეს იყო დიდი უპატივცემულობა მათ მიმართ, ვინც სამშობლოს უცხო ქვეყანაში, მძიმე გარემოში ყოფნით ემსახურება”.

30 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის დიპლომატიური მისიის პერსონალი 755 ადამიანით შემცირდება. ეს იყო კრემლის რეაქცია ვაშინგტონის ახალ ანტირუსულ სანქციებზე, რომელსაც ტრამპმა ხელი მოაწერა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...