დღეს სომხეთის მეექვსე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი და კათოლიკოსი გარეგინ მეორე. სხდომას თავმჯდომარეობდა პარლამენტის უხუცესი წევრი კნიაზ ჰასანოვი. ინფორმაციას armenianpress ავრცელებს.

სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, მეექვსე მოწვევის პირველ სხდომაზე სომხეთის მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს, შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მთავრობა დაითხოვა. კონსტიტუციის თანახმად, სარქისიანმა 10 დღის განმავლობაში ახალი პრემიერმინისტრი უნდა წარადგინოს, რომლის დანიშვნიდან 20 დღის განმავლობაშიც მინისტრთა ახალი კაბინეტი უნდა შეიქმნას. ახალი მთავრობის შექმნამდე, მოვალეობების შესრულება დათხოვნილ მთავრობას ეკისრება.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2 აპრილს გაიმართა. სომხეთის ისტორიაში პირველად საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდა. ეს პირველი არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება და ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადავიდა. ცვლილებასთან დაკავშირებით ქვეყანაში რეფერენდუმი 2015 წლის 6 დეკემბერს ჩატარდა, პროცესი კი ერთ წელიწადში დასრულდა, მაშინ, როცა ქვეყნის პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს უფლებამოსილება შეუწყდა. ის ბოლო პრეზიდენტი იქნება, რომელიც ხალხმა აირჩია.

2018 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, რომლის ხელშიც მთელი ძალაუფლება გადავა.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...