საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რეგიონული და ევროატლანტიკური საზოგადოების წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად რუსეთის პოლიტიკას მიიჩნევს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ მან პოლონეთში, „კაზიმირ პულასკის“ ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთის აგრესია გრძელდება, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები რუსეთის სამხედრო ბაზებად იქცა.

„რუსეთი აგრძელებს ანექსიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ სისტემებში ინტეგრაციით, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერით ახორციელებს. ანექსიის პოლიტიკის კვალდაკვალ, საოკუპაციო რეჟიმმა, რუსეთის კონტროლის ქვეშ, რეგიონისთვის სახელის შეცვლის მიზნით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმი ჩაატარა. საოკუპაციო ხაზთან ადამიანთა გატაცება და პროვოკაციები, ჩვეულებრივი მოვლენაა. ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა ასევე, სამწუხარო ნორმაა“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველო მტკიცედ აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის პოლიტიკას. “ჩვენ ცალმხრივად დავდეთ პირობა ძალის არგამოყენების შესახებ და ვაგრძელებთ პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს დაძაბულობის დეესკალაციას. ჩვენ ვაგრძელებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონსტრუქციულ მონაწილეობას, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპრაკებების ერთადერთი ფორმატია”, – დასძინა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, დიალოგის, ნდობის აღდგენისა და ხალხთაშორისი კონტაქტების საშუალებით, კონფლიქტის შედეგად გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და დაახლოების პოლიტიკისკენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა პოლონელ კოლეგას, სეიმის მარშალ მარეკ კუჩინსკის და პრეზიდენტ ანჟეი დუდას.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...