თბილისის საქალაქო სასამართლო რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულებს ბრალად ედებოდათ თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (5 ეპიზოდი), მათვე ბრალად ედებოდათ მითვისება, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება (2 ეპიზოდი), ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი ჯგუფურად უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონების შეძენა), მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (შპს მზიური ველის ეპიზოდი).

„ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, თუმცა სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მათი მხრიდან თაღლითობისა და მითვისების ჩადენის ფაქტი ყველა ეპიზოდში, ხოლო გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდების ნაწილში. 2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის, შთანთქმის პრინციპის გამოყენებითა და დანაშაულთა ერთობლიობით, რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.“- ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...