“ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ რეზოლუციას. ჩვენ გვაწუხებს სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება. 21-ე საუკუნეში აუცილებელია ბარიერების მოხსნა და მეტი კომუნიკაცია. აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ დოკუმენტებს,”-განაცხადა აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია “თანამშრომლობა საქართველოსთან” მიიღო. დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; აღიარებულია მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა განმტკიცების მიმართულებით; გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით; ხაზგასმულია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმები ვერ შედიან. გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. „ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაერო-ს სპეციალურმა ორგანომ – ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო საქართველოს საკითხზე.

რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...