ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პროკურატურის მხრიდან გასაჯაროვებულ მტკიცებულებებს არასწორ ნაბიჯად აფასებს. ანა ნაცვლიშვილი ამ ქმედებას მხარეთა თანასწორობის პრინციპის უპატივცემულობად მიიჩნევს, იმ პირობებში, როცა დაცვის მხარეს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე ვერ საუბრობს:
“მართალია, პროკურატურამ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს უნდა უპასუხოს და მიაწოდოს საზოგადეობას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ შერჩევით მტკიცებულებების გასაჯაროება, მაშინ როცა მათი ავთენტურობა შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, არ არის სწორი მოქმედება, არ არის მხარეთა თანასწორობის პრინციპის პატივისცემა. პრობლემურია ასევე ის, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც პროკურატურამ უნდა ამტკიცოს ადამიანის მხრიდან დანაშაულის ჩადენა, ხოლო დაცვის მხარემ პირის უდანაშაულობა, არის სასამართლო. ამიტომ პროკურატურამ უპირველესად პატივი უნდა სცეს სასამართლოს და შემოინახოს მის ხელთარსებული მტკიცებულებები ძლიერი თუ სუსტი ბრალდების დასამტკიცებლად”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მთავარმა პროკურატურამ დეკანოზის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებათა ნაწილი გაასაჯაროვა. დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკვლელობის მომზადების ბრალდებით, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ.
მოქალაქემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...