უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, გიორგი თევზაძე აცხადებს, რომ საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი  გეგმავს, საზოგადოებრივი მონიტორინგის ფარგლებში, საჯარო გახადოს კონკრეტულ საქმეებზე  მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები.  თევზაძის თქმით, ამ ინიციატივის ერთ–ერთი მიზეზი არის ის, რომ ადვოკატები და საზოგადოების წევრები უკმაყოფილონი არიან მოსამართლეთა ქმედებებისა და გადაწყვეტილებების გამო.

„საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ერთ–ერთ პრიორიტეტულ საწესდებო მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში სასამართლოს მიერ კანონის უზენაესობის დაცვა და შერჩევითი მართლმსაჯულების თავიდან აცილება. ამ მიზნით ადვოკატთა პროფკავშირი იწყებს ახალი ინიციატივის რეალიზებას. კერძოდ, ვგეგმავთ ადვოკატებს მივცეთ საშუალება, შესაბამისი დასაბუთებით საჯარო გახადონ კონკრეტულ სასამართლო საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც წარმოადგენს შერჩევითი მართლმსაჯულების შედეგს. პრეცედენტულ საქმეებზე ინფორმაციას ადვოკატთა პროფკავშირი საზოგადოებას მიაწვდის მედიის საშუალებით.

ამ საკითხებზე ასევე ვგეგმავთ თანამშრომლობას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. საქმეების გასაჯაროება მოხდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის დაცვით. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ინიციატივა დაეხმარება ქვეყანას და საზოგადოებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპი_ კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვა“, – აღნიშნულია გიორგი თევზაძის განცხადებაში.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...