ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს. როგორც მდინარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მსგავს შემთხვევებში არასაპატიმრო ღონისძიება გამოიყენება.

„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობას და ძალადობრივ დანაშაულს არანაირი გამართლება არ აქვს. ეს პოზიცია გადახედვას არ საჭიროებს. რაც შეეხება თვითონ გამოძიებას, დარწმუნებული ვარ, იგი ობიექტურად წარიმართება, მაგრამ სამართალდამცველებმა და სასამართლომ არ უნდა იმოქმედონ კომპლექსებით და მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდნენ და ვინაიდან დაზარალებული ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორია, განსხვავებული მიდგომა და ამ მხრივ შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს.

loading...

ვიცით, რომ ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით ეფარდებათ ხოლმე არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება და გამონაკლისი არც ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს. ევროსასამართლოს რეკომენდაციებიც ასეთია – ნაკლებად მძიმე დანაშაულზე ყველა რეკომენდაციაში წერია და დადგენილი პრაქტიკაც ამაზე მიუთითებს, რომ პატიმრობა არ არის ის ღონისძიება, რომელიც არის ადეკვატური ამ შემთხვეაში, მე პირადად როგორც მოქალაქე და როგორც იურისტი, არა როგორც პოლიტიკოსი, ვფიქრობ, რომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ უნდა შეეფარდოს და საპატიმროში არ უნდა იყოს ამისთვის მოთავსებული“, – განაცხადა მდინარაძემ. ამასთან, იგი არ მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია სასამართლოზე ზეწოლაა და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში რიგითი მოქალაქის, იურისტის პოზიციას აფიქსირებს და არა – პოლიტიკოსის.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა გვარამიას. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითალისწინებს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარი ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

IPN

 


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...