სამხრეთ აზიის ‘ერთჯერადი ქალები’

 

ახალი ანგარიში გამოქვეყნდა აზიური წარმოშობის ბრიტანელი მამაკაცების იმ პრაქტიკაზე, რომელიც ეხება მათ მიერ ქალების მოტყუებას, სასტიკად მოპყრობას, ქორწინებიდან მალევე მიტოვებასა და ოჯახურ ძალადობას.

ლინკოლნის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ეს მამაკაცები ათასობით ფუნტს იღებენ მათი ახალი მეუღლეების ოჯახებისგან და ამ ქალებს, როგორც თავიანთ მონებს ისე ექცევიან. ამ “ერთჯერად ქალებს”, როგორც ანგარიშში უწოდებენ მათ, ხშირად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და მალევე ტოვებენ, გაერთიანებულ სამეფოში ერთხელ ჩაყვანის, ან უფრო ხშირად საშობლოშივე მიტოვების შემდეგ.

ზოგი ცოტა ხნით ჩაყავთ დიდ ბრიტანეთში, მაგრამ შემდეგ, გამოგონილი შვებულების დროს, უკან მიყავთ ინდოეთში, სადაც მათ პასპორტს ართმევენ.

BBC-ს ინფორმაციით, ბევრი ქალი მალავს, რომ ეს მათ გადახდათ, ასე რომ მეცნიერებს ერთ წელზე მეტი დასჭირდათ ინდოეთში 57 ქალის მოსაძიებლად, რომელთაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ეს მოვლენა და გაუზიარეს მათ თავიანთი ისტორიები.

სუნიტასთვის (ეს მისი ნამდვილი სახელი არ არის) ახალი ცხოვრება ისე დაიწყო, როგორც ის ყოველთვის ოცნებობდა, რომ ეს იქნებოდა გრანდიოზული ზეიმი ინდოეთის პუნჯაბის რეგიონში, ასობით სტუმრით და ლამაზი წითელი კაბით. ქორწილის შემდეგ, მისი ქმარი ერთი თვით დარჩა ინდოეთში, სანამ დიდ ბრიტანეთში დაბრუნდებოდა. სუნიტა ელოდა მას, რომ იგი მალევე დაბრუნდებოდა ინდოეთში და მასთან ერთად იცხოვრებდა, მაგრამ ყველაფერი შეტრიალდა.

“ერთი წელი სრულდებოდა, ის კი არ ჩანდა. ბევრჯერ ვკითხე, როდის ჩამოვიდოდა ინდოეთში, მაგრამ იგი მხოლოდ ამას მპასუხობდა, ‘ახლა არა, სხვა დროს. მან ბევრი რამ მოითხოვა ჩემგან, ხან ფულს მთხოვდა, ხან ავეჯს ითხოვდა”.

სუნიტას ქმარმა საბოლოოდ შეწყვიტა მასთან ტელეფონით საუბარი. მას შემდეგ სუნიტას ის აღარ უნახავს. მოგვიანებით სუნიტამ გაარკვია, რომ იგი სხვა ქალზე იყო დაქორწინებული დიდ ბრიტანეთში. როგორც ინდოეთში და ზოგიერთი სხვა სამხრეთ აზიის ქვეყნებშია გავრცელებული, სუნიტას ოჯახმა მის ქმარს თითქმის £ 3,000 ფულის სახით და დაახლოებით £ 4,000 ოდენობის ოქრო მისცა მზითევში. ფული და ძვირფასი ნივთები ცოლის ოჯახის მხრიდან მიღებული ტრადიციაა, როდესაც მამაკაცები ქორწინდებიან.

სუნიტას თქმით,  ქმარი და მისი ოჯახის წევრები ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ . სუნიტას ოჯახი არ არის მდიდარი და მისი მამა დაღონებული შესცქერის ქალიშვილს, გაოგნებული იმისგან, რაც მოხდა. მან ათასობით ფუნტი დახარჯა მისი აზრით, თავისი ქალიშვილის ბედნიერი მომავლისათვის.

“მე განადგურებული ვარ, მიჭირს საუბარი. მას სექსუალური ურთიერთობა ქონდა ჩემთან. ჩემი ცხოვრება დაინგრა,” ამბობს სუნიტა.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს პრობლემა  არსებობს პაკისტანში და ბანგლადეშში. პრობლემა საერთოა ისეთ ქვეყნებში, სადაც დიდია სამხრეთ აზიის დიასპორა-  დიდ ბრიტანეთში, აშშ–ში, კანადასა და სხვ.

ლინკოლნის უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, სუნდარი ანიტა შეხვდა და ესაუბრა დაზარალებულ ქალებს ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში. იგი შეხვდა ქალებს, რომლებსაც £ 25,000 ფუნტზე მეტი ქონდათ გადახდილი მზითევისთვის, სანამ მიატოვებდნენ, ქალებს, რომელთაგან ზოგიერთს ბავშვი ეყოლა და შემდეგ მიატოვეს, ზოგიერთი ინდოეთშივე დატოვეს, რათა ოჯახში მონებად გამოეყენებინათ.

მისი თქმით, პატრიარქალური კულტურა სამხრეთ აზიაში ნიშნავს, რომ მიტოვებული ქალის ცხოვრება დანგრეულია. “სტიგმა ძლიერია და ის ზოგჯერ ქალის ოჯახის სხვა წევრებზეც ახდენს გავლენას, იმდენად, რომ ქალის დასაც კი უჭირს გათხოვება და სამუშაოს შოვნა. იგი ფინანსურად დაუცველი ხდება და განიხილება, როგორც გამოუყენებელი საქონელი, ვინაიდან მას სექსი ქონდა”.

ანგარიში რეკომენდაციას აძლევს ბრიტანეთის სახელმწიფოს, აღიაროს მიტოვება, როგორც ოჯახური ძალადობის ფორმა და სთავაზობს ხელისუფლებას იმ ქალების დაცვას, რომლებსაც “ერთჯერადად” იყენებენ ბრიტანელი მამაკაცები, მაშინაც კი, თუ ისინი არასოდეს არ ყოფილან დიდ ბრიტანეთში. ჯგუფი აცხადებს, რომ მიტოვების შემადგენელი ნაწილები – როგორიცაა შანტაჟი, თაღლითობა, ემოციური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, კონტროლი, იძულებითი ქცევა და შიდა მონობა – უნდა ისჯებოდეს არსებული კანონებით, მაგრამ, მხოლოდ “რამდენიმე შემთხვევაა, თუ კი ასეთი საერთოდ არსებობს, როდესაც დამნაშავემ პასუხი აგო. დაზარალებულებმა შეიძლება არც იციან მათი უფლებები ან თავს შერცხვენილად გრძნობენ, ან ეშინიათ, ვარაუდობს ჯგუფი.

როგორც ჯგუფი განმარტავს, “მას შემდეგ, რაც ფაქტი აღიარებული იქნება, როგორც ოჯახური ძალადობა, ამ ქალებს  ყველანაირი სამართლებრივი გზა გაესნებათ მათი დაცვის ან ქმრების სამართლებრივი დევნისკენ,”. ჯგუფის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათ აღმოაჩინეს შემთხვევა, როდესაც კაცი ხუთჯერ დაქორწინდა და მიატოვა ქალი და ყოველ ჯერზე ფინანსური სარგებელი მიიღო. ”

ეს ბიზნესია მისთვის. დამნაშავეები არიან ბრიტანეთის მოქალაქეები. იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის სახელმწიფო თვალს დახუჭავს ან გულგრილი იქნება ამგვარი ძალადობის მიმართ, მაშინ იგი ხელს უწყობს დაუსჯელობის კულტურას, რომ ამ მამაკაცებმა არავის წინაშე არ აგონ პასუხი. ჩვენ უნდა გავახილოთ თვალები და დავინახოთ, რომ ტრანსნაციონალურ სივრცეში ძალადობა არის ახალი და განვითარებადი ფორმა ქალთა მიმართ ძალადობისა”, აცხადებს ჯგუფი.

 


loading...