ოტია იოსელიანი ის ადამიანია, რომელმაც გარდაცვალების შემდეგაც გააგრძელა ცხოვრება ქართველი კაცის გულსა და გონებაში. მისი ნაწარმოებები ყველა თაობისთვის ერთნაირად ახლობელი და გასაგებია. მწერლის ფრაზები კი დღესაც  შეგონებად რჩება საზოგადოებისთვის.
   მწერალი თავისივე ხელით აგებულ ლამაზ ოდა სახლში ცხოვრობდა, სადაც თავს იწონებს ოტიასავე ხელით გაკეთებული ბუხარი. ოტია იოსელიანს სახლის მეორე სარული დათმობილი აქვს ლიტერატურული სალონისათვის. სალონს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ მწერლები, ხელოვნების მუშაკები და ატარებენ ლიტერატურულ საღამოებს. ოტია იოსელიანს ჰყავს სამი შვილი – ბაჩო, მანო და დაჩი, რომელთა სახელები კარგადაა ნაცნობი მისი ნაწარმოების მკითხველისათვის.
  მადლიერი საზოგადოება 14 ივლისს პატივს მიაგებს დიდ მწერალს _  წყალტუბოში, ოტია იოსელიანის სახლ მუზეუმში, მწერლის გარდაცვალების ხუთი წლისთავთან დაკავშირებით, გიორგი კახაბრიშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება, რომელიც ბატონ ოტიას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. ამ ღონისძიებას დაესწრებიან მწერლის მეგობრები, მკითხველები, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები. საღამოს, მოეწყობა ფილმის განხილვა, პანაშვიდი და ვახშამი. კიდევ ერთხელ გთავაზობთ ოტია იოსელიანის რამდენიმე მნიშვნელოვან ფრაზას, რომელიც უკვე ისტორიას შემორჩა:
   „გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას, გაჭირვება არ ამართლებს ხელმრუდობას, უწესობას. მუდამ უჭირდა ჩვენს ხალხს, მაგრამ ქვეყანას არ ვაქცევდით, არ ვქურდობდით, არ ვძარცვავდით, არ ვუსაქმურობდით. ყველაზე დიდი დანაშაული უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა. სამსახური არ იშოვებაო, რომ ამბობენ, რა, ყანა არ იშოვება?! მიდი და დარგე ხე! თუ არ გაქვს ეზო, ქუჩაში დარგე! პარლამენტში რომ მიძვრებიან, იმათ ერთი ხე დაურგავთ და გაუხარებიათ?! საქმე უნდა გაიჩინო და გექნება! მთავრობა სასურველი არასოდეს ყოფილა თუნდაც მდიდარ ქვეყანაში. მთავრობა ძალადობრივია თავისი ბუნებით და არავის უყვარს მოძალადე. მიწის ყველა ნაგლეჯი შენი ქვეყანაა და მოუარე! ერი შობს კულტურას და რა დონისაცაა, იმ დონისას ქმნის.“  
    „შენი ერთგულების ნიჭი რომ დაინახო, ვინმეს უნდა დასჭირდეს ეს ერთგულება.”
   „თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს? “
  „ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.“
  „ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია.“
  „ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.“
  „არ მინდა შენ ისე გიყვარდე, უჩემობა ვერ გადაიტანო. მე ორი სიკვდილით ვერ მოვკვდები…“
 „თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა.“
  „სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს…“

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...