საარჩევნო ადმინისტრაციული ოლქების გამსხვილების საკითხის შეფასებისას „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ დღევანდელი მთავრობის წევრები ოპოზიციაში ყოფნის დროს ამ სისტემის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ახლა კი წარმატებით აგრძელებენ წინა ხელისუფლების პრაქტიკას. „კარგად გვახსოვს „ქართულ ოცნებას“ დაპირებები, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით! სწორედ „ქართულ ოცნება“ მოიხსენიებდა წურბელებად და ფეოდალებად მაჟორიტარ-დეპუტატებს! ცხადია, დღევანდელი ხელისუფლების ინტერესი, 2016 წლისთვის არ შეიცვალოს არჩევნების სისტემა და დარჩნენ მაჟორიტარული ოლქები – სწორედ ის ინტერესებია, რაც თავის დროზე ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“! მაჟორიტარული არჩევნები ხელისუფლებისთვის უმრავლესობის შენარჩუნების საშუალებაა. ის დოკუმენტი, რომელიც დღეს ხელისუფლებამ შემოგვთავაზა ე.წ. „დაჩეხილი“ საქართველო – სერიოზულ სახელმწიფოებში, სერიოზული განხილვის საგანი ვერ გახდებოდა. დაჩეხეს სწორედ ის ოლქები, სადაც ნაკლები შანსები აქვთ და გაამსხვილეს ისინი, სადაც მეტი შანსები აქვთ! დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ამ შემოთავაზებული დოკუმენტის საქმის კურსში არაა. ამიტომ, სანამ არის დრო, ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ ორი კონსტრუქციული და ადეკვატური წინადადება. ე.წ. გერმანული მოდელი და მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, ეს არის ის ვარიანტები, რომლებითაც საკონსტიტუციო ცვლილებების გვერდის ავლით მივიღებთ იმას, რაც სჭირდება საქრთველოს! ხელისუფლებას ორივე მოდელი გავაცანით. ახლა უკვე ბურთი მათ მოედანზეა და მათი გასათვალისწინებელია, თუ რა სჯობს – სახელმწიფო ინტერესების , თუ საკუთარი ინტერესების დაცვა..”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...