საერთაშორისო კონფერენციაზე _ გენდერული თანასწორობისკენ, თბილისის დეკლარაციას მიიღებენ

   სასტუმრო „რედისონში“, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ იმართება, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ტარდება. კონფერენციას ევროკავშირის ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან ერთად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის ქვეყნებიდან 250-მდე წარმომადგენელი ესწრება. მათ შორის, მონაწილეები სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური წრეებიდან, ასევე გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ნატო-ს წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეებს გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა. კონფერენცია სამი ძირითადი საკითხის განხილვას ეძღვნება: ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა როლის გაზრდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. ღონისძიების მიზანია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაძლიერების საკითხებზე პერიოდული დიალოგის პრეცედენტის შექმნა და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარება. კონფერენციის ფარგლებში იგეგმება „თბილისის დეკლარაციის“ მიღება. უკვე ცნობილია, რომ კონფერენციის მომხსენებელთა შორის არიან: ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი დუბრავკა შიმონოვიჩი, ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი მარიეტ შურმანი, ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის პირველი ვიცე-თავმჯდომარე იაროსლავა იერმანოვა, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის სენატორი ჰაფიდა ბენჩეჰიდა, იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ქალთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი სალმა ნიმსი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნატალია გალიბარენკო, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სხვები.

loading...