26 მაისს 4 წელი შესრულდა რუსთაველზე მშვიდობიანი მიტინგის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დარბევიდან. ამ მიტინგის მონაწილემ, რეზო რეხვიაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ამ დღეს დაღუპული, ნიკა კვინტრაძის ფოტო გამოაქვეყნა. ნიკა მიტინგზე მასთან ერთად იმყოფებოდა, მეორე დრეს კი, ის მაღაზიის სახურავზე იპოვეს გარდაცვლილი. ოფიციალური ვერსიით, დენით დარტყმით დაიღუპა, თუმცა მისი გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი. რეზო რეხვიაშვილი ნიკა კვინტრაძის საქმის მთავარი მოწმეა.

რეზო რეხვიაშვილი: _ ნიკას საქმეში საერთოდ არაფერი ხდება, არსაიდან ხმა, არსით ძახილი. არც ამათ უნდათ 26 მაისის ამბების გამოძიება. განსაკუთრებით კი რესპებს. აქციის მონაწილეები დაზარალებულად გვცნეს და ამით დამთავრდა ყველაფერი.

loading...

_ რესპუბლიკელებს რატომ არ უნდათ გამოძიება?

_ არ გახსოვთ, ლამის სამშობლოს მოღალატეებად შეგვრაცხეს. თან ვინ, მართლაც ამის დედა ვატირე… და არა მარტო რესპებს, არც სხვებს უნდათ ამ საქმის გახსნა და სიმართლის გარკვევა იმიტომ, რომ ყველამ გვიგანა ნინო ბურჯანაძის ჯიბრით. ახლახანს ნინომ ერთ-ერთ გაზეთთან თქვა, რომ იმ დღეს, უსუფაშვილს უნდოდა ჩვენი მხარდაჭერა, მაგრამ თინას ისეთი ამბავი აუტეხია, გადაიფიქრაო. დავითაშვილმა და ძიძიგურმა მეორე დღეს კავკასიაზე ტექნიკურად გაგვლანძღეს _ ხალხს რას ვერჩით, ლიდერები არიან დამნაშავეებიო. ალასანიამ სულ უხარისხო ქართველები გვეძახა. დიპკორპუსიც (დიპლომატიური კორპუსი) მხარს უბამდა და რა უნდა ვქნათ.. ეხლაც ეშინიათ, არ გააბრაზონ „დიღმის საელჩო“. ძალოვანებს ხომ საერთოდ არ აწყობთ გამოძიება, რაგან ისევ იგივე შემადგენლობაა. წინათ ამაზე საუბარს ვერიდებოდი, ვფიქრობდი, ვაცალოთ მეთქი, ახლა მორჩა, აღარ არის რევერანსების დრო. იმიტომ არ შეუკლავს ხალხს თავი და ათას წამებას და დამცირებას იმიტომ არ გაუძლო, რომ ნარმანიას, ხადურს და სხვებს ეჯეჯილათ. საერთოდ ოცნების 95 % ვინ არიან, რა დამსახურებისთვის არიან სათავეში? 3%-იანი რეიტინგის მქონე რესპები მოიყვანეს და ნაცებს რეანიმაციას უკეთებენ.

_ 26 მაისის აქციის მონაწილეები ყველა ცნეს დაზარალებულად?

_ არა, ყველა არა.ზუსტი ციფრი არ ვიცი. ნინო ბურჯანაძეს აქვს ეგ მონაცემები. ის ხალხი, ვინც დაგვაჯარიმეს ადმინისტრაციული სასჯელით და ამით დამტკიცდა, რომ უეჭველი იქ ვიყავით, დაზარალებულად გვცნეს. . ვთხოვე, ის 400 ლარი მაინც დამიბრუნეთ, სიმბოლურად, რითაც მაშინ დამაჯარიმეს მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. საერთოდ დიდი ხანია ვიძახი, რომ ხელისუფლებაში ოცნების მოსვლისა და ე.წ. კოჰაბიტაციის პროექტი ვერაგული ჩანაფიქრი იყო. ნახეს, რომ გიჟი მიშა რაღაც შარში გახვევდათ და  ჩაანაცვლეს რესპებით და ალასანიათი, თუმცა  წინასწარ იცოდნენ, რომ ისინი თავიანთი რეიტინგიდან გამომდინარე ჩაფლავდებოდნენ, ამიტომ ბიძინა ჩაუბეს ლოკომოტივად და გაათრევინეს.

_ 4 წლის წინ იცოდით ვისთან გქონდათ საქმე და მაინც, 26 მაისს, როცა მოგიწოდებდნენ დაშლისაკენ, თქვენ არ დაიშალეთ. დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, თქვენი მაშინდელი გადაწყვეტილება სწორი იყო?

_ არაფერს ვნანობ, ზუსტად იგივეს გავაკეთებდი დღესაც. ბევრს ჰგონია, რომ რუსთაველზე დამოუკიდებლობის დღის ჩასაშლელად მივედით, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. თუმცა აგვისტოს ომიდან 3 წელში სამხედრო აღლუმის ჩატარება კლოუნადა იყო. ახლაც ამ აზრზე ვარ. როცა 30 კილომეტრში ის ჯარი გიდგას, რომელმაც 2 დღეში დაგალეწა თავზე ყველაფერი, რა გეაღლუმება? ბოლო-ბოლო თავმოყვარეობის ამბავია. რაზე მეცინება იცით, იმ ხალხის შთამომავლებმა, რომლებიც 37 წელში, განსხვავებული აზრის გამო ყველას დასავლეთის აგენტს ეძახდნენ, ფერი იცვალეს და ახლა ყველას რუსეთის აგენტს უწოდებენ. ეს ადამიანები ჩვენ გვასწავლიან, როგორ ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე. ბაბუაჩემი,განათლებული ადამიანი, ინგლისის დაზვერვის აგენტობის ბრალდებით დახვრიტეს!

_ 26 მაისი დარბევის კადრებში ჩანს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დარბევის დროს მარტო ჯოხით იგერიებდა სპეცრაზმელს, მერე კი სხვა სპეცრაზმელებიც წამოეწივნენ და კადრიც აქ წყდება. ხომ არ იცით მას რა ბედი ეწია?

_ სამწუხაროდ არ ვიცი რა ბედი ეწია მაგ ბიჭს. 12 საათს 10 წუთი გადააცილეს და დარბევა მერე დაიწყეს. მეც დღეს ზუსტად მაგ დროს დავდე ნიკას სურათი.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

loading...