უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის წესების გამკაცრებამ მხოლოდ ინვესტიციების შემოსვლას არ ჩაუკეტა გზა და ბევრი ადგილობრივი ბიზნესმენიც დააზარალა. სერიოზული დარტმა ტურიზმის განვითარებასაც მიადგა. „ფოსტალიონი“ საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული სააგენტოს , „Royaltravel Tourcompany“-ს დირექტორს და თანადამფუძნებელს, ლანა სიხარულიძეს  ესაუბრა.

ლანა სიხარულიძე:

_ 2014 წლის აგვისტოში ერაყულ კომპანიასთან გვქონდა სერიოზული მოლაპარაკება და სექტემბრიდან, კვირაში 2 ჩარტერული რეისი უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, კერძოდ ბათუმის მიმართულებით. ეს არ იყო ჩვეულებრივი ტურისტების ნაკადი, ისეთი, როცა მხოლოდ სასტუმროში განთავსებას და მაქსიმუმ სატრანსფერო მომსახურეობას გიკვეთავენ. საუბარი იყო საექსკურსიო პროგრამაზე უამრავი აქტივობით _ საკვების მომზადებიდან დაწყებული და კულტურული ღონისძიებებით დამთავრებული, მაგრამ სექტემბერში ამ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა შეწყდა. ვის არ ვესაუბრე _ საკონსულო დეპარტამენტს, ელჩებს, ხელმძღვანელებს, ვუთხარი, რომ ეს უგუნური გადაწყვეტილება იყო, ბევრი დამეთანხმა კიდევაც, მაგრამ ვერაფრის შეცვლა ვერ მოხერხდა. მითხრეს, რომ ამ კანონის ავტორები მალე მიხვდებიან, რომ ეს არასწორია და ყველაფერი შეიცვლებაო. ვიზების პრობლემა არ არის ერთადერთი, რაც ტურისტულ ბიზნესს დღეს-დღეობით ანგრევს. მარტო ამას რომ დავაბრალოთ ამჟამინდელი მდგომარეობა, ძალიან ზედაპირული მიდგომა იქნება.

_ კიდევ რა პრობლემებია, მოგვიყევით…

_ დარგის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან არის ნული. წელს, ზამთარში, მხოლოდ 1 მიკროავტობუსით ავიყვანე ტურისტები ბაკურიანში, ადრე კი 2 დიდი ავტობუსი და 3-4 მიკროავტობუსი მარტო საახალწლოდ მიმყავდა. სასტუმროებს წინასწარ ვჯავშნიდით, დეკემბრის ბოლოს კი არცერთი ნომერი აღარ გვქონდა თავისუფალი. წელს ზარალზე არ წავსულვართ მაგრამ, არც მოგება დაგვრჩენია. მოკლედ, როცა სახელმწიფო დამოკიდებულებაა ისეთი, რომ ტურიზმი არ არის პრიორიტეტი, უკვე ყველაფერი ნათქვამია. ტურიზმის დეპარტამენტში  არაკომპეტენტურებს ნიშნავენ. არის  კორუფციაც. ტენდერებს ტურიზმის დარგში იგებენ პოლიგრაფიული ფირმები და ამით არის ტურიზმის დეპარტამენტი დაკავებული. არ განისაზღვრა ტურისტული პრიორიტეტები. ჩვენ ვართ საკურორტო ქვეყნა, ანუ ერთადერთი მთელს მსოფლიოში, სადაც ყველა ქალაქი, სოფელი, დაბა, სამკურანალო მახასიათებლებით არის გამორჩეული. დედაქალაქი _ თბილისიც კი ბალნეოლოგიური კურორტია. დიდი შეცდომა იყო სააკაშვილმა სვანეთში სამთო- სათხილამურო ტრასა რომ გააკეთა და თოვლი არ მოვიდა. სვანეთს თავისი ხიბლი აქვს და სამთო-სათხილამურო კურორტი თუ უნდოდა, იქ არის მთა სადაც ზაფხულშიც თოვლია და ის გამოეყენებინა, მაგრამ ამაზე სხვა დროს…  მოკლედ იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც უჭირთ შენგენის ზონის ქვეყნებში თავისუფლად შესვლა, ჩვენ ვიყავით პრიორიტეტული, ამიტომ ტურისტების უდიდესი ნაკადი მოდიოდა. ამ ხალხს მოჰქოდა უამრავი ფული და იხარჯებოდა საქართველოში. ახლა ეს ბაზარი დაიკეტა, დარჩა მხოლოდ დსთ -ქვეყნები. ჩემი მომწოდებლები კი სწორედ ის ქვეყნები იყვნენ. რუსეთში  საშინელება ხდება დოლართან მიმართებაში. ამიტომაც ჩამოვიდნენ ტურისტები ძალიან შემცირებული რაოდენობით, ასევე შემცირებული დღეების რაოდენობით და სეკვესტრირებული ბიუჯეტით. უკრაინიდან ვეღარ მოდიან, ან ძალიან ნაკლებად მოდიან. ომია, დოლარი იქაც მაღლა და მაღლა მიდის, ჩვენთან კი მაღალი ფასებია. ბილეთებს ცეცხლი უკიდია და ამასაც აუცილებლად უნდა შევეხო :ის, რაც საქართველოში ხდება ავიაბილეთებთან მიმართებაში, ანომალიაა.

_ ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი?

_ ბილეთის ტარიფი, ანუ ავიაკომპნიის კუთვნილი თანხა, ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე აეროპორტის მოსაკრებელი. ანუ რომ აცხადებენ 90 ევროო, სინამდვილეში 180 ევრო შეიძლება იყოს, ან უფრო მეტი. ამას გარდა ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც ავიაკომპანიების უდიდესი ნაწილი, რეალიზაციაში პროცენტს კი არ გაძლევს, არამედ ავიაბილეთის ღირებულებას უმატებს თანხას ზემოდან. ამას service fee დაარქვეს და ისე გვაძლევენ. ანუ მისი ბილეთი უნდა გაყიდო ფასნამატით, საიდანაც შენ არანაირი სარგებელი არ გეკუთვნის. ამიტომ ბუნებრივია, უნდა დაამატო რაღაც, რომ სარგებელი ნახო, თორემ „გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო“ გამოვა. ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული დამატებული service fee ფასითაც რომ მოინდომო, ვერ გაყიდი, იმიტომ რომ საგადასახო დაგაჯარიმებს. არ გაქვს თავის ფასში გაყიდვის უფლება. ასეთი service fee-ს პრეცედენტი არსად არ არის და ადამიანები გადავიდნენ საიტების მომსახურეობაზე. საიტზე ავაიკომპანიას ბილეთი უდევს თავის ფასში, რადგან ფასნამატს აკეთებს არა ავიაკომპანია, არამედ მისი თბილისის წარმომადგენლობა.ზარალება ხალხი, ზოგს ვერ შეყავს სწორად მონაცემები, ზოგს რა ეშლება და ზოგს რა. მოდიან მერე დაზარალებულები, თანხა დაკარგული ადამიანები და გვთხოვენ შველას. ჩვენ რა უნდა ვუშელოთ?

_ რას ამბობთ, ეს ხომ აფიორაა ხალხის წინააღმდეგ?

_ ბევრ ქვეყანაში ვესაუბრე კოლეგებს, ვკითხე, თუ არის მათთან ავიაბილეთებზე service fee-ს დამატების პრაქტიკა გაოცდნენ, არც კი იციან ეს რა არის. წარმოდგინეთ, აეროპორტის ვეებერთელა მოსაკრებელს დამატებული service fee და ბილეთის ფასი ხომ მიდის „ასტრალში“. აქაური წარმომადგენლობა უნდა ყიდდეს იმ ფასში, რაც არის გამოქვეყნებული ავიაციის სისტემაში, ის კი ამატებს და გაიძულებს შენც დაამატო. ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი და პირდაპირ ვყიდულობთ სისტემიდან ავიაკომპანიის აქაური ოფისის გვერდის ავლით, მაგრამ ამასაც აქვს თავისი მინუსები. როცა სისტემიდან ყიდულობ, ვერ აკეთებ თარიღის გადატანას და არ ხდება არანაირი ცვლილება. ადრე ავიაბილეტები ყველგან ერთი ფასი იყო, ნებისმიერ სააგენტოში და არავინ არ ამატებდა. რეალიზაციის პროცენტს გაძლევდა ავიაკომპანია. ეს 2-3 წელია ჯერ ლუფტჰანზამ დაიწყო, მერე ლოტი აჰყვა და მიყვნენ სხვებიც. არის ალტერნატივა- ზოგ ქვეყანაში არის ქუთაისიდან ფრენა. იქედან საკმაოდ იაფია, მაგრამ ეს არის დაბალი ხარისხის თვითმფრინავები. „აირზენა“ იმათთან შედარებით მაღალი კლასია. დაფრინავს ხალხი, მაგრამ ბევრს მაინც ეშინია, თან დისკომფორტია _ უნდა ჩახვიდე ქუთაისში, ბილეთი ადგილზე უნდა აიღო აეროპორტის სალაროში. ღმერთმა მშვიდობით აფრინოს, მაგრამ…. მე პირადად ვერ გავრისკავდი. ახლა სასტუმროების პრობლემა. ზოგადად სასტუმრო ბიზნესში მთელს მსოფლიოში მიღებული ნორმაა მთელი წლის ფასების იანვარში გამოქვეყნება, ანუ ტურისტულ კომპანიებზე მიწოდება. ეს ფასები, არსად არასდროს არ იზრდება, მას ქვია სახელშეკრულება ფასი და იგი სტაბილურია. არის პრეცენდენტები, როდესაც ფასმა შეიძლება მოიკლოს გარკვეულ მიზეზთა გამო. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ რიგში მიეწოდება კონტრაქტორ ტურისტულ კომპანიებს. სასტუმროები, როგორც ადრე ავიაბილეთებზე იყო, გაძლევენ სპეც.ფასს. ეს ფასი გაცილებით დაბალი უნდა იყოს ვიდრე მას აქვს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული. დაბალ ფასს სასტუმრო გაძლევს, რადგან ის აცნობიერებს, რომ ტურისტულ კომპანიას ესაჭიროება სერიოზული ძალისხმევა, რომ გაყიდოს კონკრეტული სასტუმროს ნომერი. ტურისტული კომპანია უკეთებს სერიოზულ პიარს თავის ქვეყანას, კონკრეტულ სასტუმროებს, რომელთანაც მუშაობს, ხარჯავს უამრავ ფულს და სხვა რესურსს, რომ შემოიყვანოს ტურისტი და დაახარჯინოს მას თანხა ისე, რომ ტურისტი დარჩეს კმაყოფილი და მას გაუჩნდეს სურვილი, კვლავ ჩამოვიდეს.
ახლა წავიდა ასეთი ტენდენცია -სასტუმროების უმრავლესობა booking.com-ს აძლევს უფრო დაბალ ფასს, ვიდრე ჩვენ.
იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნიდან ქვეყანაში დავდივართ უამრავი სარეკლამო მასალით, ფილმებით საქართველოზე, რას აღარ ვაკეთებთ, რომ ქვეყანა გახდეს მათთვის საინტერესო, ფასს არ გვიკლებს. თუ ქვეყნით დააინტერესე, მერე უკვე სასტუმროსაც მიყიდი და სხვა ტურისტულ პროდუქტსაც.
_ წინათ თუ სხვაგვარად იყო, ახლა რა დაემართათ, ასე რატომ იქცევიან?
_ ჩვენი ამოცანაა ეს ყველაფერი ისე მივაწოდოთ, რომ მოთხოვნა-მოთხოვნილებად გადავუქციოთ! ამ დროს მშრალი booking.com გვიწევს ისეთ კონკურენციას, რომ პრაქტიკულად გვაჩერებს. ამაზე სექტემბრში ზურაბ ტყემალაძესაც ვესაუბრე, თავადაც დამეთანხმა და დამპირდა, როდესაც ახალ თავმჯდომარეს დანიშნავენ, მერე დავსხდეთ და მოვიფიქროთ როგორ დავარეგულიროთ ეს საკითხები. გადავწყვიტოთ, როგორ ვუშველოთ ტურიზმსო, მაგრამ მარტო ჩემს გაყოლებაზე, ფალიშვილის ქუჩაზე, 5 ტურისტული კომპანია დაიხურა. დოლარი ზემოთ იწევს, ის ტური, რომელიც ადრე ადამიანს 900 ლარი უჯდებოდა, ეხლა 2000 უჯდება. ერთეულები დადიან ტურისტულ მოგზაურობებში. სასტუმროებს რომ ვეკითხებით, ბუქინგს რატომ აძელევთ უკეთეს ფასს და არა ადგილობრივ კომპანიებსო – ვერ გვპასუხობენ.
იმდენი პრობლემაა რას ვეცეთ აღარც კი ვიცით…უმთავრესი კი ის არის, რომ არ არსებობს გეგმა ამ დარგის გავნვითარებისა და ყველაფერი აქედან მომდინარეობს. ტურიზმის კანონი გვერდნახევარია და არაფრის მთქმელია. ტურიზმიდან საერთო შემოსავლის 5% შემოდიოდაო, უთქვამს ივანიშვილს. შეიძლება მართლაც 5% იყო, მაგრამ ამდენი დასაქმებული ადამიანი არაფერს ნიშნავდა, სულ რომ არ ჰქონოდა ქვეყანას შემოსავალი?! წინა მთავრობის დროს ეშინოდათ, ვერ ბედავდნენ ასეთ რაღაცეებს ვერც სასტუმროები, ვერც ავიაკომპანიები. თუმცა მაშინ უამრავი ფული იხარჯებოდა აბსურდულ პროექტებში. ბათუმში მოწყობილ კონცერეტებზე ძირითადად ისევ სახელმწიფო ჩინოვნიკები დადიოდნენ. სასტუმროებს შესდიოდა ფული, მაგრამ ეს იყო ხელოვნური პროცესი. ხელოვნურად შექმნილი ტურისტული გარემო იყო. არასწორად იყო გაკეთებული აქცენტები და პრიორიტეტები რაზეც პრეტენზია ცხადია გვქონდა. იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ წყალტუბოს განვითარებისთვის დაეხარჯათ მილიონები, რადგან ამ კურორტს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, აშენებულიყო 10-15 სასტუმრო, გაეკეთებინათ ინფრასტრუქტურა , გამოეცხადებინათ ტენდერი დევნილებისათვის საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად და გაეყვანათ ისინი იმ უნიკალური სანატორიუმებიდან რომლებიც მსოფლიო არქიტექტურის შედევრებია, დაიწყეს მილიონების ხარჯვა სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან გასართობ ღონისძიებებზე. სვანეთი, როგორც სამთო სათხილამურო კურორტი ათასი საფეხურით ქვემოთ დგას ვიდრე წყალტუბო, რომელსაც დედამიწაზე არ აქვს ანალოგი…
დღეს მთელს მსოფლიოში ყველაზე კარგად იყიდება წამალი, რომელსაც აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ჩვენებები. შენ რომ წამლის ალტერნატივად სამკურნალო წყალს შესთავაზებ ადამიანს, როგორ გგონია, გექნება ტურისტის დეფიციტი? მაშინ თუ გასართობ და სპორტულ ტურიზმზე კეთდებოდა აქცენტები, დღეს საერთოდ აღარაფერი პიარდება და ჩვენ კიდევ გვიკვირს, რატომ არავინ შემოდის. ჩემმა აზერბეიჯანელმა კოლეგამ მითხრა, ჩვენც გვაქვს აზერბაიჯანში ბაკურიანის მსგავსი კურორტი, ბევრად უკეთესი სასტუმრობით და ბევრად უკეთესი ინფრასტრუქტურით და რატომ ღირს თქვენთან ასე ძვირიო? იმდენი სამკურნალო ფაქტორი ჩამოვუთვალე ბაკურიანის, რომ სასწრაფო წესით მოკიდა შვილს ხელი და ჩამოვიდა. რა სერვისი დახვდა აქ და რა ინფრასტრუქტურა, ამაზე აღარ ვლაპარაკობ. ყველამ ვიცით, რომ მომსახურეობა არის ქართველების აქილევსის ქუსლი. მაგრამ ხომ ჩამოვიდა, ხომ ასუნთქა შვილს ბაკურიანის ჰავა, იყიდა გირჩის მურაბა. მერე თბილისის დათვალიერება მოინდომა და ზაფხულში ისევ ჩამოდის. ანუ იმის თქმა მინდა, რომ პიარია საჭირო. ადრე, როცა ხდებოდა პიარი, ასეთი კუთხით კეთდებოდა ეს _ ღვინო, გართობა, ზღვა….ბათუმში (მარადიული წვიმით). ეს ვერ ქმნის სტაბილურ ტურიზმს. ნახეთ ჩეხეთი, კარლოვი ვარი, მისი წყალი ვერაფრით სჯობს ჩვენ ბორჯომს, მაგრამ მსოფლიო დონის „ჰაი კლასის“ კურორტებს მიეკუთვნება, 12 თვე სავსეა ტურისტებით. არასეზონზე არის დაბალი ფასები. უფრო მაღალი ივლისსა და აგვისტოშია. ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, ლამაზია, ცივილიზებულია… ჩემი ყაზახი სტუმარი. ერთ-ერთი მინისტრის დედა და დეიდა გაგიჟდნენ ბორჯომში მოწყენილობისაგან. მაღაზიები მაინც არ არისო რომ გავიაროთო? მირეკვდნენ ყოვლდღე. რა თქმა უნდა, წყალი და პროცედურები ძალიან მოუხდათ, მაგრამ რომ მიდიოდნენ, გულდაწყვეტილებმა მითხრეს, ასეთი კურორტი რომ ჩვენ გვქონდეს ყაზახეთში, ალბათ ასფალტის ნაცლად ოქროს ფილებს დავაგებდითო

 -ლიკანის სასტუმრო რომ გახსნეს ახლახან?

-300 დოლარი  ღირს ნომერი და უფრო მეტი…. სეზონზე ვთქვათ ჩამოიყვანე ტურისტები, მოსწყინდა სასტუმროში და უნდა მაღაზიებში გაიაროს. ბრენდების მაღაზიებზე არ ვსუბრობ, მეკითხებიან ოქროულობა თუ არის აქ სადმე, ღვინის მაღაზია თუ არის სადაც დეგუსტაციაა შესაძლებელი, რომ იმ ლიმიტირებული 3 ბოთლიდან ყველაზე კარგი ვიყიდოთო. არ არის! თეატრი, კინო, კაფეები, ბარები, მილიონი საბავშვო და მოზრდილების ანსაბლები არსებობს. დააყენონ და აცეკვონ, ამღერონ… ფოლკლორი აინტერესებთ ძალიან. თურქეთში როგორ არის?! ანიმაცია სასტუმროში, ქალაქში გამოხვალ და სულ ვიღაცაა ჩამოსული გასტროლზე. აქ გადაიხდი დღეში მინიმუმ 150 დოლარს და ხარ გამოყრუებული… სამკურნალოდ ჩამოსული ტურისტი მოწყენილობისაგან კვდება. ობიექტები არ არის კურორტებზე, კონკურენცია არ არსებობს, ამიტომ ფასები მაღალია. აი რამდენი ფაქტორია….. ადრე რომ CNN-ზე რეკლამა გაუშვეს საქართველოზე, მაშინ ისეთი ბუმი იყო ბათუმში, ენერიკე ეგლესიასიც ჩამოიყვანეს იმ ზაფხულს და კიდევ ვიღაც- ვიღაცეები. „პლიაჟზე“ ადგილი არ იყო. თუმცა ესეც დიდი ბლეფი გახლდათ და ტურისტები ძალიან უკმაყოფილონი წავიდნენ. მომსახურეობა იყო საშინელი _ ყველფდნენ ხალხს. საერთოდ, კაფეებში მომსახურების კულტურა არ აქვთ. საათობით ალოდინებენ, ეუხეშებიან კლიენტებს, მაღალ ფასებს ახდევინებენ უცხოელებს , ქართველებს ნაკლებს  . იმ წელს ვინც იყო, ისინი ისეთ ანტირეკლამას გაგვიკეთებდნენ, რომ ….

სამაგიეროდ ესენი საერთოდ არაფერს არ აკეთებენ. ანაკლია არ იყო ცუდი ჩანაფიქრი, მაგრამ ჯერ ფოთის აეროპორტი მაინც უნდა გაემართათ, გაეკეთებინათ და პარალელურად კურორტის მშენებლობა განეხორციელებინათ. სანამ თბილისიდან ანკლიაში ჩახვალ, 8-9 საათი გინდა აეროპორტიდან. ხომ უნდა გაჩერდე, წყალი დალიო, ფეხი გაშალო, ჩათვალეთ ერთი დღე აქედან გეკარგება, ერთი იქედან. მოკლედ არაკომპეტენტურობა, აი რა ღუპავს ჩვენს ქვეყანას. აბა მოთხოვოს სახელმწიფომ ყველას პასუხი თავის მოყვანილ კადრებზე, თავის დახარჯულ თითოეულ კაპიკზე, მთელი სიმკაცრით მოსთხოვოს და ნახავთ, როგორ შეიცვლება სიტუაცია. ნახეთ, როგორი სურათი გვაქვს საქართველოში: ყველა ძველი ტურიზმის დეპ.თავმჯდომარე, პოსტიდან წასვლის შემდეგ ტურისტულ სააგენტოს ხსნის.

_ მერე ამაში ცუდი რა არის?

_ რა არის და მოვა თუ არა ამ პოსტზე, მაშინ ხსნის სააგენტოს ნათესავის ან მეგობრის სახელზე და დადის სახელმწიფო ფულით ნაირ-ნაირ ქვეყნებში ტურისტულ გამოფენებზე და აპიარებს თავის კომპანიას. ერთმა ჩემმა კიეველმა პარტნიორმა ტურისტულმა კომპანიამ მომწერა ერთ-ერთ ყოფილ თანამდებობის პირზე, თავისი მეუღლის ფირმა შემომთავაზა პარტნიორად და გვითხრა, ნებისმიერ სასტუმროზე ყველაზე დაბალ ფასს ჩვენ მოგცემთო. თანამდებობრივი მდგომარეობის პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოყენებას რომ თავი დავანებოთ,  სამარცხვინო ფაქტია.

-ანუ თქვენი გამოცდილებით, სჯობს სამკურნალო ტურიზმზე გაკეთდეს აქცენტი?

-რა თქმა უნდა, სამკურნალო ტურიზმი არის ჩვენი ამოსავალი. თავად უზენაესმა დააჯილდოვა საქართველო უნიკალური სამკურნალო რესურსებით. საქართველოს საკურორტო რესურსების სიმრავლით ბადალი არ ყჰავს მთელ პლანეტაზე. არსად არ არის ასეთი  სამკურნალო წყალი და კლიმატი ერთად.

როგორ გგონიათ, ის ადამიანები, რომლების 20-40 ევროდ დაფრინავენ კონტინენტიდან კონტინენტზე 300 და 1200 ევრომდე თანხას გადაიხდიან ავიაბილეთში იმისათვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ და ღვინო დალიონ, ან ჩურჩხელა გააკეთონ? ან გუდაურში ისრიალონ? მაგრამ აბა წარმოიდგინეთ, მწვავე ართრიტით დაავადებული ადამიანი, ვერ დადის, მოიხარა, ტკივილი ტანჯავს, მკურნალობს მაგრამ არაფერი შველის. მას რომ ეტყვი, არის ასეთი კურორტი წყალტუბო, კავკასიაში, კერძოდ საქართველოში, სადაც არის სასწაულმოქმედი წყალი, რომლის 20-22 აბაზანა (მაქსიმუმ) გაგკურნავსო, 1200 ევროს კი არა, 12 000 გადაიხდის, თვითმფრინავს იქირავებს და ისე ჩამოვა. საჭიროა რომ გააგებინო მას ამ კურორტის არსებობის შესახებ. საქართველოს ტურისტული პოტენციალის „ფიშკა“ არის სამკურნალო ტურიზმი 12 თვეზე, უწყვეტი სეზონით! კარგი, მიიღონ ვიზებიდან შემოსავალი. არ არის პიარი! როცა იყო, არასწორი მიმართულება ჰქონდა. აქედან გამომდინარე არ არის ინვესტორებიც. თუ ინვესტორს ეცოდინება, რომ რაჭაში არის კურორტი უწერა, სადაც არის წყალი, რომელიც არ ექვემდებრება კუპაჟს, ანუ ბოთლში ჩამოსხმას და ადგილზე უნდა დაილიოს, თანაც ეს წყალი ისეთი ეფექტურია, რომ იმ ადამიანს, ვისაც ექიმი ოპერაციის გარდა ვეღარაფრით ეხმარება, სრულიად უსუფთავებს ნაღვლის ბუშტს და უჯანსაღებს პანკრიასს, როგორ გგონიათ, რა მოხდება? წავა სანატორიუმის მშენებლობების ბუმი. კარგი მიიღონ ვიზებიდან შემოსავალი იმ ქვეყნებში სადაც არც ჩვენ გვიშვებენ უვიზოდ. იყოს დუბაის პრინციპით ვიზების გაცემა. პოლიციამ კიდევ კეთილი ინებოს და მიხედოს იმ უკანონო ემიგრაციას, რისიც ასე ეშინიათ. დაიწყოს ქვეყნის პიარი სწორი აქცენტებით და სწორი მიმართულებით. ეს ტურისტსაც მოიყვანს და ინვესტორსაც. მიეცეს პრიორიტეტი საქართველოში შემომყვან ტურიზმზე მომუშავე სააგენტოებს. იყოს კონკურენტუნარიანი ფასები უცხოურ საიტთან შედარებით, რადგან სულ რომ ვერ მისცენ ქვეყანას მოგება, ადამიანებს ხომ ასაქმებს, ხელფასს ხომ უხდის და სახელმწიფო გადასახადებს ხომ იხდის, ეს ცუდი საქმეა? დაიწეროს ტურიზმის პერსპექტიული განვითარების გეგმა 7 წელზე ეკონომიკური ანალიზით და `შესაბამისი კანონმდებლობით გამყარებული. აეკრძალოს ყველა სხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციას ტურისტული პრივილეგირებული ფასებით სარგებლობა. დამყარდეს კონტროლი, დაწესდეს საჯარიმო სანქციები თვითმარქვია ,, ტუროპერატორ-გიდების სერვისზე”, ანუ როდესაც ტაქსის მძღოლი იაფად, ნახევარ ფასად უტარებს ტურისტს ექსკურსიას, ან როდესაც სოფელში მაცხოვრებელ ახალგაზრდას, რომელსაც არც ლიცენზია აქვს და არც შესაბამისი ალპინისტური ცოდნა მიყავს ტურისტები მთაში. საეჭვო გიდების ასოციაციის კადრებმა გადააბარონ გამოცდები ისტორიის, კულტურის და ხელოვნების დარგში. ვინც ჩააბარებს მხოლოდ მათზე გაიცეს ოფიციალური ლიცენზია, თორემ სრული ბარდაკია ამ საქმეშიც. რამდენი გიდიც არის იმდენნაირია საქართველოს ისტორიაც. მოკლედ, ამ და კიდევ სხვა ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ, მარტო სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ვერ დავაბრალებთ ჩვენი ბიზნესის უკუსვლას. უბრალოდ ეს ბოლო  აკორდი იყო, რამაც დაგვაქცია.


დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...